პოლიტიკა
,,ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება" – მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. პრემიერის განცხადებით ეს ინიციატივა ასობით ათას ოჯახს დიდ პრობლემას მოუხსნის.

ბახტაძის განცხადებით, დღეს დაახლოებით 600 000 მოქალაქე ე.წ. შავ სიაშია. ბახტაძის განცხადებით, ამ მოქალაქეებს ბანკების მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც ჯამში მილიარდნახევარ ლარამდეა საქართველოს მოქალაქეებს 31 დეკემბრამდე გაუნოლდება.

"მინდა გაგაცნოთ ინიციატივა, რომელიც ასობით ათას ოჯახს მძიმე ტვირთს მოუხსნის. ყველა ვთანხმდებით, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის დაძლევის გარეშე სიღარიბის დამარცხება წარმოუდგენელია. ამის ნათელი დასტურია UNICEF-ის ბოლო კვლევაც, რომელმაც მიუთითა ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე და ცხადყო, რომ ჭარბვალიანობის ტვირთი იმდენად მძიმეა ბევრი ოჯახისთვის, რომ უარყოფითად აისახება, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე.

ეს პრობლემა წლების განმავლობაში ბორკილებად ედო ჩვენს საზოგადოებას. და დღეს თითქმის 700 000 ჩვენი მოქალაქე იმყოფება ე.წ. შავ სიაში, რის გამოც პრაქტიკულად მოკლებულია სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობას.

როგორც საბანკო , ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, ასევე სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობით ათას ოჯახს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა ამ ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირითადი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევარ ლარიანი დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 000 მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან",
- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლებას იდეის მოპარვაში სდებს ბრალს. მმართველი ძალის განცხადებამდე,  ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, ბანკების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები ჩამოაწერონ და ეს თანხა მთავრობამ გადაიხადოს.

სწორედ ვაშაძის განცხადების შემდეგ გამართა ბრიფინგი კახა კალაძემ და თქვა, რომ მთავრობის "მასშტაბურმა და პრინციპულმა გადაწყვეტილებამ" ნაციონალური მოძრაობა შოკში ჩააგდო.

ქართული ოცნების წევრების მტკიცებით, ენმ-მ წინასწარ გაარკვია, რომ მთავრობას "ასეთი რაღაც აქვს დაანონსებული" და პარალელურ რეჟიმში "იაფფასიანი სპექტაკლი დადგეს". 
Print