პოლიტიკა
ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს - ბანერი ახალციხეში
ქალაქ ახალციხეში ცენტრალურ ქუჩაზე ბანერს ამონტაჟებენ.
ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს, არა ნაცებს, არა ბოროტებას - წერია ბანერებზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე განთავსდა.

"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბილბორდი ქალაქში რამდენიმე ადგილზე გამოაკრეს. 

„ეს არის სუსის „დავერბორკებული“ და მათთან მოთანამშრომლე პირის სახელით გაკეთებული. ძირითადად, ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც პირველი ტურის შემდეგ აგონიაშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხმა როგორმე არ აირჩიოს გრიგოლ ვაშაძე. მაგრამ ეს პლაკატი ახალციხეში მათთვის სასარგებლოდ არ იმუშავებს“, - ასე ეხმაურება ახალციხეში ბანერის განთავსებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარძიმაძე.

„ნებართვა ჩვენგან არ აუღიათ. ზედამხედველობის სამსახური გაარკვევს რა ხდება და მიაქცევს ყურადღებას. ვისია ეს საბანერო ადგილი, საჯარო რეესტრში შეგიძლიათ ნახოთ“, - გვითხრეს ახალციხის მერიის პრესსამსახურში.

ზედამხედველობის სამსახურში კი ამბობენ, რომ ქალაქში არსებული საბანერო ადგილები კომპანია „ვისოლს“ ეკუთვნის.

კომპანია „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ გაარკვევენ, ეკუთვნით თუ არა კონსტრუქცია მათ და ვინ განათავსა იქ ბანერი.

„არანაირ პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენთ და ბილბორდი ჩვენი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება“, - გვითხრეს კომპანიაში.

"ვისოლისგან" პასუხს ამ დრომდე ველით. 

ამ შინაარსის პლაკატები, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოჩნდა.

ფოტო: ჯაბა ნათენაძე
Print