პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში ხელფასები იზრდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2019 წლიდან შრომის ანაზღაურება იზრდება.
ცვლილება მომავალი წლის ბიუჯეტშია ასახული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 ადამიანი მუშაობს. 2018 წელს მათი შრომის ანაზღაურებისთვის 430 000 ლარი იყო გამოყოფილი, 2019 წელს კი ხელფასების მუხლი 482 100 ლარით განისაზღვრება. სხვაობა 52 100 ლარია.

„საკრებულოში გარკვეული ძვრები იქნება. ხელფასების ზრდა მოხდება, ეს მუხლი ოდნავ მომატებულია. მერიაში ჯერჯერობით ასეთი სიახლე არ არის“ - განაცხადა მერის მოადგილე გურამ მელიქიძემ.

ვის მოემატება ხელფასი - ამაზე საკრებულოს თავმჯდომარე არ საუბრობს. გელა ნოზაძე ამბობს, რომ ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„შიდა სამზარეულოა და ამის აფიშირება არ გვინდა. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ჩამოყალიბებულები არ ვართ. მაქსიმუმ, ორი-სამი კაცის ხელფასი შეიძლება გაიწეროს მაგ თანხაში. არ არის გამორიცხული, მხოლოდ თანამდებობის პირებზე. მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ალბათ, დეკემბრის დასაწყისში გვეცოდინება ზუსტად“, - ამბობს გელა ნოზაძე.
Print