პოლიტიკა
ძველი გვარდია ,,ქართულ ოცნებას" უბრუნდება
ახალციხეში „ძველი გვარდიის“ ნაწილი „ოცნებაში“ მივიდა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, ნაწილი ამბობს, რომ ისევ მმართველი გუნდის მხარდამჭერია და არსად წასულა.

მმართველი პარტიის ძველი გვარდიის ერთერთი წევრი ლევან ცაბაძეა, ასპინძის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი. ,,მეცხრე არხს" კითხვაზე დაბრუნდა თუ არა მმართველ პარტიაში, პასუხობს:

,,მე აქედან არ წავსულვარ, ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ. როცა მთხოვენ, ყოველთვის მზად ვარ ჩემ გუნდს დავეხმარო, ვინაიდან გუნდური ცხოვრების წესი ჩემთვის ყველაზე მისაღები და ყველაზე გასაგები ენაა".

ძველი გვარდიის შემოერთებას მიესალმება მხარის გუბერნატორი. ბესიკ ამირანაშვილი განმარტავს, რომ ,,ჩვენთვის ყველა ადამიანი ძვირფასია, რომელიც ჩვენი გუნდის მხარდამჭერია და ვისაც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის საქმე უკეთებია. მინდა მათ შორის ყოველთვის კარგი ურთიერთკავშირი იყოს და საქმე ერთად გაკეთდეს".

ბიძინა ივანიშვილმა, ხუთ ნოემბერს, ვიდეო მიმართისას, პარტიის გაბრაზებული წევრები „ძველ გვარდიად“ მოიხსენია, მათ წყენის დავიწყებისა და გაერთიანებისკენ მოუწოდა: "ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ", – აღნიშნა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში.

Print