პოლიტიკა
ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი იურიდიული კომიტეტიდან გაიწვიეს
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“ - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

"არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“ - განაცხადა ფოფხაძემ.

კითხვაზე, გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა იკრძალება თუ არა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ასეთი აზრი ირაკლი კობახიძეს აქვს.

„მემგონი ბატონმა კობახიძემ ეს პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ სადავო საკითხები უნდა განვიხილოთ გუნდის შიგნით და გარეთ ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. ყოველთვის არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი“- აღნიშნა ფოფხაძემ.
Print