პოლიტიკა
,,ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთი დაიწევს" – მამუკა ბახტაძე
ოთხშაბათს სქართველოში ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში კრედიტების გაცემის ზღვარი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე გაიზარდა.
,,დარწმუნებული ვარ, ლარში სესხების აღების სავალდებულო ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენა ექნება საპროცენტო განაკვეთებზეც და ლარში სესხების საპროცენტო განაკვეთები ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად დაიწევს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დავოსიდან.

საქართველოში დოლარში სესხების გაცემაზე შეზღუდვები 2017 წლის იანვარში, დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაწესდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, დაკრედიტების საერთო მოცულობამ 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 4,9 მლრდ-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. კრედიტების ლარიზაციის დონე მითითებულ პერიოდში 41,91%-დან 42,96%-მდე გაიზარდა.

ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტების მოცულობამ გასული წლის ბოლოს 14,2 მლრდ ლარი შეადგინა.
Print