პოლიტიკა
რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონის გადახდა დაეკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ ერთის წინააღმდეგ. აღსრულების პროცედურებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გაუძღვება. კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ, დაზარალებულ პირებზე გადანაწილდება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2014 წელს საქართველომ რუსეთს მოუგო სამართლებრივი დავა 2006-2007 წლებში ქართველების მასობრივი დაკავებისა და რუსეთიდან დეპორტაციის საკითხზე. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის არაერთი მოთხოვნა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებოდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ელოდებოდა საქართველოს 1795 მოქალაქე. მათი დეტალური მონაცემები სტრასბურგში 2016 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა.

წყარო: რადიო თავისუფლება
Print