პოლიტიკა
ემზარ კვიციანი ერის გასამრავლებლად კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს
პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი შეყვარებულთა აღრიცხვის სააგენტოს შექმნის შემდეგ კიდევ ერთ კანონპროექტზე მუშაობს.

დეპუტატი ,,მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ აღნიშნული იდეის მიზანიც ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვაა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთაში მცხოვრები მაღალმთიანი სტატუსის მქონე ექიმებისთვის სახელმწიფო პენსიის გასამმაგებას, ექიმებისთვის კი გაორმაგებას გულისხმობს.

გარდა ამისა, პირველი და მეორე დაბადებული ბავშვისთვის, ოჯახი, თუ ერთ-ერთი მშობელი მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელი იქნება, ორი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ნაცვლად არანაკლებ 500 ლარიან დახმარებას მიიღებს.

ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვისთვის ორის ნაცვლად 4 წლამდე ყოველთვიურ ფულად დახმარება 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი გახდება.

,,დემოგრაფიულად ქართველებს გვიჭირს, ამიტომ ცენტრიც ქართველებს დაეხმარება. ჩვენი მიზანია ეთნოსი გადავარჩინოთ" - აცხადებს ემზარ კვიციანი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დეპუტატმა შეყვარებულთა აღრიცხვის სააგენტოს დაფუძნების შესახებ განაცხადა.

საჯარო რეესტრმა კი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს უკვე დაარეგისტრირა.

,,ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან" - ამბობს ემზარ კვიციანი.

დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.
Print