პოლიტიკა
დეპუტატების წასვლით, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
„ქართული ოცნება“ ორ დღეში სამმა დეპუტატმა დატოვა. ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის წასვლით, მმართველმა პარტიამ პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგა. კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. დღეს კი „ქართულ ოცნებას“ 112 დეპუტატი დარჩა.

მივდივარ იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე 22 თებერვალს განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. „ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. ჩვენ დღეს ღირებულებათა სხვაობა გვაქვს“, - აღნიშნა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობა 22 თებერვალს დატოვა ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა. ის მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს. "მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქციაც და პარტიაც. ვაგრძელებ დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობას პარლამენტში. არავისთან ალიანსში არ შევდივარ“, - განაცხადა მმართველი პარტიის ყოფილმა დეპუტატმა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობა 21 თებერვალს დატოვა. დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის თაობაზე კანონპროექტს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, ეკა ბესელიასთან ერთად, თავად იყო.
„ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს“, - განაცხადა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს. „ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ და მეც ვიმოქმედებ ჩემი რწმენით“, - განაცხადა ქანთარიამ. დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას“კიდევ ერთი დეპუტატი გედევან ფოფხაძე, ამაზე განცხადებას ის ორშაბათს, ბრიფინგზე გააკეთებს.
Print