პოლიტიკა
„ეს არის საკრებულოს შეურაცხყოფა მერიის ხელმძღვანელობისგან“ - უმრავლესობის დეპუტატი
ახალციხის საკრებულოს უმრავლესობის წევრი თამარ გოგოლაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას საყვედურობს.
მისი თქმით, ახალციხის მერია საკრებულოს დეპუტატებს ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

„ეს არის საკრებულოს უპატივცემულობა მერიის ხელმძღვანელობისგან. ვინც ვერ გრძნობს, რომ ეს უპატივცემულობაა, ჩვენი ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა თამარ გოგოლაძემ საკრებულოს სხდომაზე. დეპუტატი ამბობს, რომ სურვილი აქვს ღონისძიებებს და შეხვედრებს დაესწროს, თუმცა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მერია საქმის კურსში არ აყენებს.

„მშობლებისგან შემთხვევით გავიგე, რომ საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო ზეიმი ჩატარდა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ისე მოძრაობენ, როგორც საკრებულოს წევრები, ჩვენ კი საქმის კურსში არ ვართ. ბევრჯერ დავსვი ეს საკითხი და შედეგს ვერ მივაღწიე“, - განაცხადა თამარ გოგოლაძემ. დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოებასთან შეხვედრებს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებიც უნდა ესწრებოდნენ.

თამარ გოგოლაძის შენიშვნას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა.
„არ ვიცოდი ამ ღონისძიების შესახებ. ხალხთან შეხვედრები არ დაგვიწყია. აქ უმრავლესობის მაჟორიტარებიც ხართ და სიით არჩეულებიც, ვიყავით სადმე გასული?"



გელა ნოზაძეს სიით არჩეულმა დეპუტატმა უპასუხა, რომ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე დასწრების სურვილი გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა ინფორმაციას არავინ აწვდის.

„2018 წლიდან ველოდები ამ შეხვედრებს. მაქვს ინდივიდუალური შეხვედრები, რადგან ვერ ვახერხებ ისე, როგორც თქვენ. სიის ხალხმა ვთქვით, რომ მაჟორიტარებთან ერთად გვევლო. ვერ ვგებულობ, ასეთი სიტუაციაა - ვიღაცა ვიღაცას ჩაისვამს მანქანაში და წავა შეხვედრაზე. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლიან. ჩემი ხედვა კანონიერია", - აღნიშნა თამარ გოგოლაძემ. 

გელა ნოზაძე ამბობს, რომ მერიასა და საკრებულოს შორის ინფორმაციის გაცვლის პრობლემა არ არის. თამარ გოგოლაძის შენიშვნაზე კი ამბობს, რომ ეს „მუშა პროცესია“.

„საყვედურები და შენიშვნები ადამიანს შეიძლება ვიღაცისადმი გაგაჩნდეს, მაგრამ ეს ფართო ჭრილში არ უნდა გადავიტანოთ“, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თამარ გოგოლაძის თქმით, პრობლემურ საკითხებზე მომავალ სხდომებზე ისაუბრებს.

მერიის მიმართ შენიშვნები სხვა დეპუტატებსაც აქვთ. ახალციხის მერმა და საკრებულოს წევრებმა 26 მარტს, სხდომაზეც იკამათეს.
Print