პოლიტიკა
„პრეზიდენტს მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ვესაუბრე“ - ნინოწმინდის მერი
საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, რეგიონის გუბერნატორი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ.

დახურულ კარს მიღმა, რეგიონის პრიორიტეტებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, საათზე მეტ ხანს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა და რეგიონის პირველმა პირმა გააკეთა. ანი მოსესიანის თქმით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით, 30% საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„საუბარია ზოგ შემთხვევაში ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაზე, ზოგში კი მოქალაქეობის აღდგენაზე. რადგან არის კონტინგენტი, რომელიც გარკვეული პერიოდი გასული იყო ქვეყნიდან და ახლა დაბრუნდა“, - განაცხადა ანი მოსოიანმა. ნინოწმინდის მერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს წინასაარჩევნო დაპირება ახსოვდა და ამ საკითხზე დახმარება აღუთქვა.

მერებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ღრელში მეფუტკრე ფერმერს შეხვდა. დღის განმავლობაში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მონაწილე მეწარმეებთან. 

სალომე ზურაბიშვილი 14 აპრილს ახალციხიდან ახალქალაქში გადაინაცვლებს, სადაც ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

ასევე, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.




Print