პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ჯავახეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება სკოლებში გოგებაშვილის დედაენის დაბრუნებაზე გაამახვილა:

„ის ფაქტი, რომ ეს დედა ენა უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ბავშვები სახელმწიფო ენას, ეს არის შესანიშნავი. მინდა, ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მაქვს პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის საუბარზე, ურთიერთგაგებაზე. ენა არის კარი სახელმწიფოს გაძლიერებისა. ამისთვის იბრძოდნენ 14 აპრილს, 1978 წელს, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული და მათ რომ არ გაემარჯვებინათ, მერე არ მოჰყვებოდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს აღდგენა“.

საქართველოს სრულყოფილი მოქალაქე ვერ იქნები სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე - მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილი.

„მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, რომ პატარა გამოცდა მაინც ჩააბაროთ, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრს ნიშნავს. სულ პატარა ბავშვებისთვის ბაღიდან იწყება ენის შესწავლაც და კარიერაც. ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ძალიან მოკლე მომავალში ქართულენოვანი ბაგა–ბაღის გახსნა“.

პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტი 13 აპრილს დაიწყო, სადაც ახალციხესა და ასპინძაში გამართა შეხვედრები.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ პრეზიდენტი ახალქალაქში, სომხურ სამოციქულო ეკლესიას ეწვია, სადაც სასულიერო პირები და მრევლი ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდა.
სომხური სამოციქულო ეკლესიის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ფოკაში გაემგზავრა.
Print