პოლიტიკა
სამი ახალი და ერთი გაუქმებული შტატი - სამი სამუსიკო სკოლის გაერთიანების პროცესი სრულდება

 

ახალციხის, ვალის და აწყურის სამუსიკო სკოლებში რეორგანიზაცია სრულდება. ააიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ახალციხის სამუსიკო სკოლის“ ახალი თანამშრომლების ბრძანებების ნაწილი დღეს, 30 აპრილს, ნაწილი კი ამ კვირაში დაიწერება.

 


ახალშექმნილი ააიპ-ის ხელმძღვანელად ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი, ცისანა ახვლედიანი დაინიშნა, აწყურის და ვალის სკოლის დირექტორების შტატები სასწავლო ნაწილის გამგის შტატებად გადაკეთდა, ამ პოზიციებზე ყოფილი დირექტორები გადაიყვანეს. ხელმძღვანელის თქმით, სამივე სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არდ დასრულებულა. ააიპ-ის ხელმძღვანელობის თქმით, საკადრო ცვლილებები კი მხოლოდ ადმინისტრაციაში განხორციელდა.

ააიპ-ს სამი ახალი შტატი დაემატა - მთავარი ბუღალტერის თანაშემწე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სპეციალისტი (დურგალი) და ადამიანური რესურსების საკითხების სპეციალისტი. აქედან ახალი კადრი მხოლოდ დურგალია, დანარჩენ პოზიციებზე ისევ სკოლის თანამშრომლები გადანაწილდნენ.

„აწყურის სკოლაში გაუქმდა საქმეთა მმართველის შტატი, მაგრამ ეს პიროვნება ადამიანური რესურსების განყოფილების გამგედ დაინიშნა. მხოლოდ ერთ, ვალის სკოლის ბუღალტერს მოუწია სამსახურიდან წასვლა. განცხადება თავად დაწერა. ეს პოზიციებიც დროებითია, მაისის ბოლოს კიდევ შეიცვლება. საბოლოდ პირველი სექტემბრისთვის ჩამოვყალიბდებით“, - ამბობს ააიპ-ის დირექტორი ცისანა ახლვედიანი.

ახალჩამოყალიბებულ ააიპ-ში სულ 65 თანამშრომელია. სამი აიპის გაერთიანებას კენჭი საკრებულოს სხდომაზე 26 მარტს უყარეს.
Print