პოლიტიკა
,,ჩემი ძმის ავადმყოფობის და გარდაცვალების გამო მომიწია ხშირი ჩამოსვლა საქართველოში" – აშოტ მელქონიანი
სომხეთის ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი და აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.

დოკუმენტში კი აღნიშნეს, რომ მისი შემოსვლა ქვეყანაში არის ,,შეუსაბამო". მელქონიანი ფიქრობს, რომ საქართველოში მისი არ შემოშვება ბოლო პერიოდში ახალქალაქში, განხორციელებული ხშირი ვიზიტის გამო მოხდა.

,,თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აკრძალვა არცთუ დიდი ხნის წინ ჩემმა ვიზიტებმა განაპირობა. ჩემი ძმა მძიმედ დაავადდა და გარდაიცვალა, მერე იყო ორმოცი, 24 მაისს კი მისი დაბადების დღე. ერთ დღესაც მკითხეს საზღვარზე, რატომ გამიხშირდა სტუმრობა საქართველოში" - განუცხადა Jnews –ს აშოტ მელქონიანმა.

შსს-ში ამბობენ, რომ აშოტ მელქონიანმა მხოლოდ ტრანზიტული მგზავრის სტატუსით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.

„სომხეთის მოქალაქეს, რომელიც თურქეთიდან საქართველოში შემოდიოდა, ქვეყანაში დარჩენაზე უარი ეთქვა საქართველოს კანონის “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე. თუმცა აღნიშნულმა მოქალაქემ ტრანზიტული მგზავრის სტატუსით გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და იმავე დღეს გაემგზავრა სომხეთის მიმართულებით“, - აცხადებენ შსს-ში.
Print