პოლიტიკა
ზურა ხაჩიძის ხელფასი მის მიერ დასახელებულ თანხაზე მეტია

 

სამცხე-ჯავახეთი გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის ახალმა წევრმა, მოადგილედ დანიშვნის დღესვე რეგიონულ მედიასთან განაცხადა, რომ მისი ხელფასი 1 500 ლარს არ სცდება.

"ჩემი საქმიანობით უფრო მეტი ანაზღაურება მქონდა. ხელფასი არ სცდება 1 500 ლარს. ძალიან რთული იყო ამ სამსახურში წამოვსულიყავი, რომ არა ამ რეგიონის სიყვარული", უთხრა ზურა ხაჩიძემ ჟურნალისტებს.

გუბერნატორის მოადგილის ხელფასი bpn.ge-მ დაითვალა. ვებ-გვერდის ინფორმაციით,  რწმუნებულებისა და მათი ადმინისტრაციის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა კანონით რეგულირდება, კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ მთავრობამ დადგენილება მიმდინარე წლის 28 მაისს მიიღო. რომლის თანახმადაც, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგო თვეში - 5 900 ლარითაა განსაზღვრული.

ამავე დადგენილებით, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის სარგო თვეში - 3 000 ლარია. რაც შეეხება მოადგილეებს, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში - 2 900, წელიწადში კი - 34 800 ლარით არის განსაზღვრული.

სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ხაჩიძის ხელფასი გამოწერით 2 200 ლარია. "მეცხრე არხი" ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს. 

 

Print