პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გადადგა, ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„სამოქალაქო მშვიდობა და თანხმობა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე პარლამენტის წევრის მანდატი“, - განუცხადა „ინტერპრესნისუს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ის თბილისში გამართული სესიის, რომელიც საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი იყო.

შეგახსენებთ, საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად გამოიყვანეს სპეცრაზმი. მათ აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.
Print