პოლიტიკა
,,ევროპული საქართველო"–ს პროტესტი თვითმმართველობებში გრძელდება
,,ევროპული საქართველოს" საკრებულოს დეპუტატები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს უერთდებიან და პროტესტის ნიშნად თვითმართველობებში გამართულ საკრებულოს სხდომებს მეორე დღეა აღარ ესწრებიან.

სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში, ,,ევროპული საქართველოს" წევრები ამბობენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.


,,ევროპული საქართველოს" მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ყოფითი საკითხები განიხილეს და 20-21 ივნისის ამბები დღის წესრიგში არ შესულა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ: 

,,26 ივნისს, 11 საათზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც განიხილეს ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ამბულატორიების სარეაბილიტაციო პროექტები,კერძოდ სოფელების : ბოლაჯურის, ლელოვნის, ჭეჭლის, მოხის, არლის, უდისა და ვარხნის ამბულატორიების სარეაბილიტაციო პროექტები.

საკრებულოს მიერ განხილული და მოწონებული იქნა სოფელ დიდი სმადის და სოფელ მლაშის ამბულატორიების მშენებლობის პროექტები. საკრებულოს წევრებმა აღნიშნულ საკითხებს ერთხმად დაუჭირეს მხარი".

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის დეპუტატებმა საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს იმერეთში. ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, რომ პროტესტის ტალღა ყველა თვითმმართველობას გადაეცემა.

20 ივნისს ღამით ოკუპაციის გასაპროტესტებლად შეკრებილი მოქალაქეები სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის დაშალეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული, სამი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.



Print