პოლიტიკა
კვლევებში ასახული ეთნიკური უმცირესობების განწყობები

 

საძელი ახალციხის მაღალმთიანი სოფელია. ის ეთნიკურად სომეხი 100-მდე ოჯახით არის დასახლებული. სოფლის მეურნეობის გარდა, ადგილობრივების შემოსავლის მთავარი წყარო, რუსეთში სამუშაოდ წასული მამაკაცების ხელფასია. ეს ეკონომიკური კავშირია ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სომხური თემი საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისადმი ბევრად კეთილგანწყობილია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ რომ განსხვავდება, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებიც მოწმობს. მაგალითად, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირის და ნატოს წევრობა მიუღებელია სომხურ დასახლებებში გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობისთვის. მთავარ მიზეზად აქაც რუსული ფაქტორი სახელდება.


ამავე კვლევაში, სადაც საზოგადოების განწყობებია ასახული, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობისგან, გასული წლების პოლიტიკურ მოვლენებსაც განსხვავებულად აფასებენ. მაგალითად, ვარდების რევოლუციას ქვეყნისთვის ძალიან ცუდ მოვლენად აფასებენ სომხურენოვანი დასახლებები - 35%.

დანარჩენი მოქალაქეებისგან მკვეთრად განსხვავებულია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შეფასება. 58% ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა იყო.


კვლევა საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის პერიოდში, 2 927 ადამიანთან პირისპირ ინტერვიუს გზით ჩატარდა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3%-ა. გამოკითხული ჯგუფებიდან, მთავრობის საქმიანობას ყველაზე დადებითად სომხურ თემში აფასებენ - 65%.


ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში დაუსაქმებლად თავს ყველაზე მეტი მოქალაქე სომხურ დასახლებებში თვლის - 73%. სამოქალაქო სექტორის თქმით, ამ მონაცემით აიხსნება სამუშაოდ რუსეთის ფედერაციაში წასული, სომეხი მამაკაცების სიმრავლე.

კვლევა ჩაატარა „მედიის განვითარების ფონდმაც“, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების განწყობაა შესწავლილი. მასში ნათლად ჩანს, უმცირესობების განწყობებზე რუსული მედიის გავლენაც. კვლევა 2018 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლების ინფორმაციის ძირითადწყარო რუსული ტელეარხებია.

„კვლევამ აჩვენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე კომპაქტურად დასახლებული უმცირესობების ინფორმირების პრობლემა. ასევე რუსული მედიის პირდაპირი გავლენა მათ განწყობებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს რეგიონებზე მორგებული სტრატეგიული კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა“, - ამბობს „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.

მკვლევარებმა შეისწავლეს ის მედია გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს. ისინი შვიდი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ რუსეთის პირველი არხისა და „როსია 24-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ამ ტელეარხებიდან 407 ანტიდასავლური გზავნილი გადმოიცა.
საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური სომხები რუსული საინფორმაციო გავლენის ქვეშ რომ არიან, ამას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც გვიდასტურებენ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საქართველოს დანარენი მაცხოვრებლებისგან სრეულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ესაუბრებიან და ინტეგრაციაში ეხმარებიან.

„ის, რომ საინფორმაციო წყაროებზე შეზღუდული წვდომა აქვთ, ეს გარკვეულწილად თავის როლსაც ასრულებს. ვიდრე მათ კიდევ აქვთ სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით პრობლემა, მათთან მეტი მუშაობაა საჭირო და რაც მთავარია, ამ ინფორმაციის მიტანა მათ ენებზე. ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, შეხვედრები, სემინარები, ტრენინგები ტარდება ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომ მათ მიიღონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია, რას წარმოადგენს ევროპული ფასეულობები“, - გვითხრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინა ღოღელიანმა.

სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ სახელმწიფო უწყებების მცდელობა საკმარისი არ არის. მათი აზრით, გამოსავალი ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო ენის შესწავლაში დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერაა, რათა უფრო იშვიათად უწევდეთ ოჯახის მიტოვება და სამუშაოდ რუსეთში წასვლა.
Print