პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს იკვლევს. ზაზა მელიქიძესთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობით დაინტერესება, სუს-ს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ურჩია.

ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ზაზა მელიქიძის კომპანიები, პოლიტიკაში მოსვლამდე სახელმწიფო შესყიდვებში თითქმის არ მონაწილეობდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჯერ გამგებლად, შემდეგ მერად აირჩიეს, მშენებელმა კომპანიებმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, მუნიციპალიტეტის გამოცხადებული ტენდერები მოიგეს.

ამ პერიოდის განმავლობაში, მისმა კომპანიებმა 29-დან 15 ტენდერი მოიგეს. ხშირ შემთხვევაში, მისი კომპანიები ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთადერთი პრეტენდენტები იყვნენ. საერთო ჯამში, მათ მიერ მიღებულმა თანხამ 528 123 ლარი შეადგინა, საიდანაც 514 341 ლარი ახალციხის გამგეობა/მერიისა და მათი შპს/ა(ა)იპებ-ისგან მიღებული თანხებია.

კვლევა 15 ივლისს გამოქვეყნდა. მედია იმ დღიდან ცდილობს ზაზა მელიქიძისგან კომენტარის მოპოვებას. დაპირების მოუხედავად, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ჟურნალისტებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.


კვლევაში ნათქვამია, რომ მერად არჩევის შემდეგ, ზაზა მელიქიძემ კუთვნილ კომპანიებში დირექტორებად საკუთარი ცოლის და და ცოლის ძმა დანიშნა. მისი კომპანიის ყოფილი ფინანსური მენეჯერი კი მერიაში პირველ მოადგილედ აიყვანა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ჩნდება „კითხვის ნიშნები ზაზა მელიქიძის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებითაც“.

ზაზა მელიქიძემ ბოლო დეკლარაცია 2018 წლის 30 ოქტომბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, პარალელურად, იგი რჩება ორი კომპანიის – შპს მელიზა საქართველოს და შპს ლეგი საქართველოს 100% მფლობელად, თუმცა ორივე კომპანიიდან შემოსავლად 0 ლარია მითითებული.

შპს მელიზა საქართველოს საწარმო კაპიტალის ოდენობა 255397,75 ლარი, ხოლო შპს ლეგი საქართველოსი კი 197384,8 ლარი.

ზაზა მელიქიძის კუთვნილი ავტოამწის იჯარით მიღებულმა შემოსავალმა 3672,5 ლ შეადგინა. 

დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის 1–ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩთვლით, გამგებლობის პოზიციაზე ყოფნისას ზაზა მელიქიძის შემოსავალმა 31514,07 ლ, ხოლო 2017 წელს უკვე მერის თანამდებობაზე ყოფნისას (2017 წლის 1–ლი ნოემბერი–31 დეკემბერი), მისმა შემოსავალმა 8702,38 ლარი შეადგინა.

ჯამში, 2017 წლის სახელფასო შემოსავალი 40 2016,45 ლარია.

Print