პოლიტიკა
,,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევით, რუსეთმა საქართველოს ეს ტერიტორიები შეუნარჩუნა“ – ვლადიმერ ხომერიკი
სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობა და ერთობა" დაფუძნდა. ,,მეგობრობა და ერთობის" თავმჯდომარეს ორგანიზაციის გახსნასთან დაკავშირებით, ახალციხეში, ,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის პრეზიდენტი ესტუმრა. ოლეგ სანდროშვილისა და ვლადიმერ ხომერიკის განცხადებით, საქართველომ რუსეთთან დიალოგი უნდა დაიწყოს, რათა ქვეყანამ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს.

ბოლო პერიოდში, მომძლავრებული რუსული რბილი ძალის მოქმედებები სხვადასხვა კვლევის შედეგებში უკვე აისახა. ოკუპანტი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. სამცხე–ჯავახეთში, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობა და ერთობა“.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო პოლიტიკური პარტია კონსერვატორების წარმომადგენელი ახალციხეში, 2013–14 წწ თავმჯდომარეობდა ახალციხის საკრებულოს. დღეს იგი ამბობს, რომ ხომერიკთან თანამშრომლობა რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად გადაწყვიტა.

,,ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა, არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ შიდა ქართლის რეგიონში ვიყავი და იქაც ანალოგიური არასამთავრობოა შექმნილი. ვსწავლობდით პრობლემებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ გვინდა, რომ ის თაობა, რომლებსაც გვახსოვს ის თბილი დრო და თბილი ურთიერთობები, რაც ტკბილად მოსაგონარია ბევრი ჩვენგანისთვის. თუ შესაძლებელი იყო ამის დანგრევა, რატომ არ არის შესაძლებელი ამის აღდგენა? აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ურთიერთობების დალაგების გასაღები დევს არა უშუალოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, არამედ ამ შემთხვევაში რუსეთში. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით“ – მიაჩნია ოლეგ სანდროშვილს.

,,მეგობრობა და ერთობის" შექმნასთან დაკავშირებით რეგიონს, ორდღიანი ვიზიტით „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ესტუმრა. ვლადიმერ ხომერიკმა თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრები გამართა რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან. ამბობს, რომ მოსახლეობას სურს რუსეთთან დიალოგი. უფრო მეტიც, მიაჩნია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციით რუსეთმა საქართველოს ეს ტერიტორიები შეუნარჩუნა.

,,როცა მეკითხებიან რუსეთი არის თუ არა ოკუპანტი, რატომ შევიდა მაშინ იქ, მე ვპასუხობ, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა – ამით მან შეგვინარჩუნა ეს ტერიტორიები. რუსეთი, რომ არ შესულიყო და არ გაეჩერებინა იქ სიტუაცია, აფხაზი რას გააკეთებდა და სად წავიდოდა, მარტო რომ იქნებოდა ვნახავდით ჩვენ. ან თურქეთში წავიდოდა , ან სხვაგან. რუსეთმა შეგვინარჩუნა ეს ტერიტორიები და დღეს ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ და ეს ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს“ – აცხადებს ვლადიმერ ხომერიკი.

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 81 089 ეთნიკურად სომეხიდან, ქართულ ენას თავისუფლად ფლობს მხოლოდ 16 676. სახელმწიფო ენას სრულყოფილად ვერ ფლობს 57 132 ეთნიკური სომეხი. ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასახავს. არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყარო, რუსული და სომხური ტელეარხებია. მოსახლეობასთან შეხვედრისას ამბობს, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები და ჭკვიანურად უნდა მოიქცეს.

,,შენ თუ დაიწყებ ამერიკის შეყვანას შენთან, ანუ რუსეთის მტერს, მისი ჯარის შეყვანას და მის საზღვარზე დაყენებას, რუსებს აგინო და სხვაგვარი პოლიტიკა დაიწყო, მაგას რა თქმა უნდა არ ვამართლებ, მაგრამ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და სახელმწიფოს და დაცვის ინტერესბი აქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორჯერ – სამჯერ ჭკვიანი, რადგან პატარა სახელმწიფო ვართ და არ უნდა გავიჭყლიტოთ იმ დიდ ქვეყნებში“ – აცხადებს ვლადიმერ ხომერიკი.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევით, საქართველოს სომხურ დასახლებებში გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე. ამავე დასახლებებში 65% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო. ეს მაჩვენებლები საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალია.

მომძლავრებული რუსული პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს მხრიდან ოკუპაციის შესახებ კანონის გააქტიურება მიაჩნია ერთერთ ძირითად ბერკეტად ცირა მესხიშვილს. არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შემთხვევითი არ არის თემები, რომელიც ბოლო პერიოდში სამცხე–ჯავახეთში გააქტიურდა – ეს არის სკოლებში წითელი ყელსახვევების, უკვდავი პოლკის, რუსეთის დაარსებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაზრდილი კვოტა ჯავახეთის აბიტურიენტებისთვის თუ რეგიონისთვის სხვა სენსიტიური საკითხები.

,,ამის პრევენცია როგორ უნდა მოხდეს, თუ სახელმწიფომ არ მიიღო ზომები? მე მგონია, რომ კანონი (ოკუპაციის შესახებ) უნდა ამოქმედდეს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდეს. ერთი გიწერია და მეორეს აკეთებ, არ გამოვა ეგრე. რატომ გვიკვირს, ხან ჩუმად მოდიოდნენ. წინა 9 წლის პერიოდშიც იყვნენ მაგათი ემისრები, მაგრამ მაშინ სხვანაირად მუშაობდნენ. ახლა მეტი თავისუფლება აქვთ. მე ყველაზე ძალიან მანერვიულებს ის, რომ ხალხს პროტესტის გრძნობა აღარ აქვს. თბილისში რომ შეგროვდა ათასი კაცი, ეგ არ არის საქართველო. ეს ყველაფერი ძალიან მიზანმიმართულად ხდება, რომ ადამიანმა იფიქროს ლუკმა–პურზე და ქვეყნის ბედი აღარ გაინტერესებდეს. ნახეთ რა ხდება – ხვალ მე ბანკის ვალის გადახდის დრო მომივიდა, ახლა ყველაზე მეტად მანერვიულებს ლარის კურსი, რომელიც დოლარზე უნდა გადავიხადო, ვიდრე ის, რომ ვიღაცა ხომერიკმა რაღაცა ორგანიზაცია გახსნა. სოციალურ დისკრიმინაციას მოაქვს ადამიანების გადაგვარება“ – ამბობს ცირა მესხიშვილი.

კანონი ოკუპაციის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბერს ამოქმედდა, რომლის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ,,2018 წელს საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენდა რუსული ოკუპაცია, საერთაშორისო ტერორიზმი, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა, კორუფცია და სამოხელეო დანაშაული. ზემოაღნიშნულთან ეფექტურად გამკლავების მიზნით სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებისკენ.

2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს. 13 უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას. „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაინტერესებული მხარეების მიერ ხდებოდა დესტრუქციული პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების, ასევე მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება. საანგარიშო პერიოდში „ჰიბრიდული ომის“ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა დეზინფორმაციული კამპანია. ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენა" -
წერია სუსის ანგარიშში.

რუსეთის მიერ გამოცხადებული ბლოკადა არ უნდა იყოს ქვეყანისთვის ტრაგედია - ასე ფიქრობენ ფერმერები. ზურაბ სადათიერაშვილი 2006 წელს იხსენებს, როცა რუსეთმა დასჯის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. ფერმერის თქმით, მაშინ მოხდა ყველაზე მეტად ბაზრის დივერსიფიცირება და ქართული პროდუქტის ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში გატანა. 

,,რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს, რომ ერთის მხრივ წკეპლით და მეორეს მხრივ ,,პრიანიკით“ დაგიმორჩილოს. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ქვეყანა რუსეთზე ყოფილიყო მიბმული, მაგრამ გავრილოვის თემასთან დაკავშირებით მოსახლეობამ აჩვენა, რომ ხალხი სხვას ფიქრობს. როცა დივერსიფიცირებული იყო ბაზარი და ქართული პროდუქტი უკვე გადიოდა ამერიკაში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, საქართველოს ხელისუფლება მაინც ცდილობდა ტურიზმის რეკლამირებით თუ ღვინის გატანით ქვეყანა რუსეთისკენ დაებრუნებინა. ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, ქვეყანამ  დღესაც იგივე უნდა გააკეთოს, რაც 2006–07 წწ გაკეთდა, მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება, რათა საქართველოს ეკონომიკა რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე“ – მიაჩნია ზურაბ სადათიერაშვილს.

„ბიზნესმედიის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხა ბევრად აღემატება იგივე მიზნით ევროპულ ქვეყნებში გადახდილ ფულს. კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რუსეთში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა ტურიზმის ადმინისტრირების მიზნით. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში“ ამბობენ, რომ რუსი ტურისტი მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, ძირითადად ყველაზე ნაკლებად მხარჯველი ტურისტია, რომელსაც ხარისხსა და მაღალ სერვისზე პრეტენზია არ აქვს.

,,რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ფაქტობრივად უფრო დაანაწევრა საქართველო. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის პროპაგანდას მიჰყვებიან და საბჭოთა კავშირს მისტირიან, იქნებ თქვან როგორ გაიცვალა ტაო–კლარჯეთი ყირიმში და რა მოხდა მაშინ, როგორ მიატოვა ტოტლებენმა ერეკლე მეფე აწყურთან და რატომ ჰგონიათ, რომ რუსეთი გადამრჩენელია. სახელმწიფომ უფრო მეტი ეფექტიანობა უნდა გამოიჩინოს მსგავსი ,,რბილი რუსული ძალის“ წინააღმდეგ. რატომ ხდება ასე თავისუფლად რუსეთის პროპაგანდა ქვეყანაში, რატომ იხარჯება რუსეთში სარეკლამოდ ქართული ფული? - ალბათ იმიტომ, რომ მინისტრთა კაბინეტში რუსეთის მოქალაქე მინისტრები გვყავს წარმოდგენილი“ – ფიქრობობ ,,დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარე გია ანდღულაძე.

Print