პოლიტიკა
ასპინძის სოფლების მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაქალაქევის, მირაშხანის, თმოგვისა და ფიას მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას ასპინძის მერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა. 

სოფლების მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრა.

სოლომონ პავლიაშვილმა ყურადღება აგროდაზღვევის პროექტში ჩართვის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის კუთხით, ასპინძა საკმაოდ აქტიურია. მუნიციპალიტეტს მესაქონლეობის, მეკარტოფილეობისა და მეფუტკრეობის თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პოტენციალის ათვისება მაქსიმალურად მოხდეს, მოსახლეობამ შექმნას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში, მიიღოს მეტი სარგებელი და გაზრდილი შემოსავალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრებზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებასა და ამბულატორიების საჭიროებაზე. 

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საინისტრო ავრცელებს.
Print