პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის სახლის ,,კომენდანტობა" გამგებლობის ნაცვლად
კურორტ აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. გიორგი გედევანიძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ დაწერა და სახლში წავიდა. თანამდებობიდან გადადგომა ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა.

,,მეუღლეს ვეხმარები სახლში, პატარა გვყავს და მის აღზრდაში. სამსახურიდან ალბათ ერთი თვეა რაც წამოვედი, შეიძლება მეტიც, ზუსტად არ მახსოვს. ჯერ-ჯერობით უმუშევრად ვარ. არსად დამიწყია მუშაობა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სულ სახლში ვზივარ. პატარა გვყავს, მეუღლეს ვეხმარები და თან მეორესაც ველოდები. ზუსტად არვიცი ჩემ მოვალეობას ვინ ასრულებს, მაგრამ მგონი ჩემი თანაშემწე გიორგი ელისაბედაშვილი. შემიძლია კიდევ ერთხელ მთელი სულით და გულით ვთქვა, რომ მართლა სახლში ვზივარ და ვეხმარები მეუღლეს. არ იყო ახლა ეს მაინცდამაინც წამყვანი პოზიცია, რატომ უყურებთ ასე, ადვილად რატომ ვერ დავტოვებდი?“ - აცხადებს გიორგი გედევანიძე.



გედევანიძისგან განსხვავებით, მოვალეობის შემსრულებელი tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ მისმა ხელმძღვანელმა თანამდებობა სამსახურეობრივი ინტერესების გამო დატოვა.

,,ზუსტად სად წავიდა ვერ გეტყვით, მაგრამ სხვა სამსახური ნახა და გადავიდა. მგონი ისევ აბასთუმანშია, თუ დაუკავშირდებით, უფრო კონკრეტულად გაგცემთ ალბათ თავად პასუხს“ - აცხადებს გიორგი ელისაბედაშვილი.

ზუსტად სად დაიწყო მუშაობა კურორტ აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, არ იცის არც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, თუმცა ზუსტად იცის რომ კერძო სექტორში გადავიდა და მას ,,გასათავისუფლებელი არაფერი ჭირდა“. ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ გიორგი გედევანიძე სამსახურიდან ,,თავისი ნებით წავიდა, კერძო სექტორში გადაინაცვლა და როგორც უნდა არის ისე. კონკრეტულად სად წავიდა ჯერ არვიცი, მაგრამ მეტყვის ალბათ მერე“.

რაც არ იცის ადიგენის მერმა, იციან ოპოზიციაში. ,,ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, კურორტის პირველმა პირმა სამუშაოდ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან გადაინაცვლა. სიმონ პარუნაშვილი ამბობს, რომ ,,გიორგი გედევანიშვილი აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სახლის კომენდანტია".
Print