პოლიტიკა
24 აგვიტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს
24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება. სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა.

საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთის ასსრ-სა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში.

1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.

ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. კონსტიტუცია ემყარება არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ დროიდან შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმა — საქართველო გახდა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. უფლებამოსილებები გაეზარდა პრემიერ-მინისტრს და გახდა მთავრობის მეთაური. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი — მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი.

ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი წესით მოხდება. პარლამენტმა ძირითადი საკონსტიტუციო ცვლილებები 2017 წლის 26 სექტემბერს დაამტკიცა, რომელსაც მოგვიანებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო და უწყებას მოტივირებული შენიშვნები წარუდგინა. მმართველმა გუნდმა შენიშვნები არ გაიზიარა, 110 მომხრე ხმით 8-ის წინააღმდეგ ვეტო დაძლია და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციური პროექტი 117 მომხრე ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლის თქმით, "225 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში სულ 27 ცვლი­ლე­ბაა შე­ტა­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია კი უკვე 29-ჯერ შეც­ვა­ლეს".

კონსტიტუცია განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონია. ქვეყნის უმაღლესი დოკუმენტი არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
Print