პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი სამგორის გამგებლად დაინიშნა


სამგორის რაიონის გამგებლად კახა სამხარაძე ინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი გამგებელი სამგორელების უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს.

„რამდენიმე თვე სამგორის რაიონი გამგებლის გარეშე იყო. მინდა წარმოგიდგინოთ კახა სამხარაძის კანდიდატურა. ის იყო სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ჯერ შიდა ქართლში, შემდეგ სამცხე-ჯავახეთში. მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის. ის არის მეურნე ადამიანი და დარწმუნებული ვარ, იმ პროექტებს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სამგორის რაიონში, ჩვენთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე შეასრულებს და მაქსიმალურად დაიცავს სამგორელების ინტერესს", - განცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სამხარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნება.

„ბევრია პრობლემა, ბევრია გასაკეთებელი და ძალიან ბევრი შრომა და მუშაობა მოგვიწევს. ვიცი, არ გეზარებათ არც შრომა, არც ღამეების თენება და ჩაერთვებით იმ ყოველდღიურ რუტინაში, რასაც ჩვენი თითოეული თანამშრომელი აკეთებს",- მიმართა კალაძემ სამხარაძეს.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახაბერ გულედანმა თანამდებობა რამდენიმე თვის წინ საკუთარი სურვილით დატოვა. 

კახა სამხარაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი 2018 წლის 2 აპრილს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე იგი მხოლოდ ოთხი თვე მუშაობდა.
Print