პოლიტიკა
დღეს საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის რვა კანდიდატს მოუსმენენ
პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღესაც გრძელდება.

პირველ ნახევარში ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

დღის მეორე ნახევარში კი ხუთი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატ მაია ცქიტიშვილს, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილსა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

6-7 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა ჩანიშნულია საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან, 8 სექტემბერს კი პლენარული სხდომის მოწვევა იგეგმება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.
ამ დროისთვის საკომიტეტო ფორმატში უკვე მოუსმინეს მინისტრობის სამ კანდიდატს: მიხეილ ბატიაშვილს, ეკატერინე ტიკარაძესა და დავით ზალკალიანს.
Print