პოლიტიკა
,,ლელო" - მამაუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება - განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

„ეს არის ძველი ქართული სახელი. ინსპირაცია მოგვცა გალაკტიონის ლექსმა. ეს არის სახელი, რომელიც შედეგზე ორიენტირებულია. ეს არის სახელი, სადაც ქართველებმა უნდა გავიტანოთ და დავდოთ ჩვენი ლელო, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავდოთ ჩვენი ლელო. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დამთავრდა ქვეყანაში აზროვნება - ერთი კაცის იმედად ქვეყნის გადარჩენის ჩამოკიდება. ეს პროცესი თუ არ დამთავრდა ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მსახიობები, მხატვრები, იურისტები.
Print