პოლიტიკა
ვინ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ,,ოქროს საწმისის“ ორდენით
სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე "ოქროს საწმისის" ორდენით დააჯილდოვა.

„ის, რაც გააკეთეთ ნატოში და რაც გააკეთეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის, მშვიდობისადმი მსახურობის კიდევ ერთი გზაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის "ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოვების წინ განაცხადა.

ჯილდოს გადაცემამდე ზურაბიშვილმა მიმართა გოტმიოლერსა და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ გოტმიოლერმა მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა.

„ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია, რომ მე დღეს აქ, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ვიმყოფები, რომელიც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და თანამშრომლობის შემდგომი წლებისთვის. ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბეთ, რათა ვაღიაროთ და ვიზეიმოთ არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა მშვიდობას. მახსოვს თქვენი მძიმე შრომა შეიარაღების კონტროლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით, თუ როგორი ჩართული და როგორი წარმატებული იყავით ყველა თქვენს ძალისხმევაში. ესაა, რისი აღიარებაც გვსურს, იმასთან ერთად, თუ რა გააკეთეთ ნატოში და რა გააკეთეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის, რაც მშვიდობისადმი მსახურობის კიდევ ერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ამისთვისაა, რათა გააძლიეროს სტაბილურობა ამ რეგიონში.

Print