პოლიტიკა
თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის მიერ ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ასევე ხშირია ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ აიიპ -ებსა და სსიპ-ებში.

სამცხე-ჯავახეთიდან ამ კვლევაში ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოხვდა. ნეპოტიზმის მაღალი რისკის შემცველი ქმედება ორგანიზაციამ საკრებულოს ,,ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის ვარლამ ხვინგიასა და ყოფილი ვიცემერის ანზორ სვანიძის ქმედებებში დაინახეს.

ვარლამ ხვინგია ბორჯომში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს,
მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე კი 2018 წლიდან ააიპ - ბორჯომის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.

ანზორ სვანიძე - 2014-17 წლებში ბორჯომის ვიცემერის პოსტს იკავებდა,
მისი მამა, თემურ სვანიძე კი 2017 წლიდან ააიპ ბორჯომის სოფლის წყლის საავარიო ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელია.


,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ნათქვამია, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

  • არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.
  • სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.
  • სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
ანგარიშში ვკითხულობთ, ,,საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.
ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი)“
.
Print