პოლიტიკა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო. მოკვლევა სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით მიდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

უწყება საკითხით 25 ივლისს დაინტერესდა, მას შემდეგ, როცა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ მუნიციპალიტეტის პირველი პირის და მისი ახლო გარემოცვის ბიზნესაქმიანობა და დეკლარაცია შეისწავლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ.

„შესწავლის შემდეგ, მიღებულია გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე, რომლის შედეგებიც ეცნობება საზოგადოებას“,
- გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში.

ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ არც ერთი კომპანიის მართვაში არ მონაწილეობს.

„მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ყველა კითხვას ვუპასუხო, რადგან აქ დანაშაული არ არის. დოკუმენტებსაც სწავლობენ და გამოკითხვებიც მიმდინარეობს. თქვენ ამ ბოლოსაც გააჟღერეთ, რომ თითქოს ჩვენ წილები არ გვაქვს გადაცემული, მაგრამ ყველაფერი არის გაწერილი და მინდობით გაცემული“,
- ამბობს „მეცხრე არხთან“ ზაზა მელიქიძე. მისი თქმით, დოკუმეტები კანონთან სრულ შესაბამისობაშია.

ამავე თემაზე:
„მზად ვარ, გამოძიების ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო“ - ახალციხის მერი
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
ახალციხის მერის კომპანიები ტენდერებს იგებენ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"


Print