პოლიტიკა
საარჩევნოდ დაპირებები გავეცით, მაგრამ,,, - ახალციხის მერი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველ ეტაპზე, 4 მლნ. 230 ათასი ლარი გამოეყო. ამ თანხით 2020 წელს შვიდი პროექტი განხორციელდება, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტი დარჩენილ 2 მლნ. 70 000 ლარსაც მიიღებს. შვიდივე პროექტი დეპუტატებმა ახალციხის საკრებულოს მეთერთმეტე, რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს. რეგფონდიდან გამოყოფილ თანხას, ადგილობრივი ბიუჯეეტიდან 5% ემატება.
სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ახალციხის მერმა ბოლო ორ წელში, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები გაიხსენა. ზაზა მელიქიძემ დეპუტატებს უთხრა, რომ ყველა მათგანი უნდა განხორციელდეს. 

“ჩვენ 2018, 2019 წლებში საარჩევნოდ სხვადასხვა დასახლებებში დაპირებები გვაქვს გაცემული, ამიტომ ის პრიორიტეტები, რომლებიც აქამდეც უნდა ყოფილიყო განხორციელებული,,, მაგრამ ბიუჯეტის სიმცირემ არ მოგვცა საშუალება. იცით, რომ 2018 წელს 3 მლნ. 800 ათასი ჩამოგვეჭრა, ამიტომ მოხდა ისე, რომ ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა მერმა. ზაზა მელიქიძე შეეხო პროექტების მომზადების საკითხსაც და აღნიშნა, რომ გამოცხადებული ტენდერი ხშირად ვერ ტარდება. 

პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტებია:
  • ქალაქ ახალციხეში, მრავალბინიანი სახლების სახურავების, ფასადების, სადარბაზოების რეაბილიტაცია;
  • ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის, ახალციხელის, ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავას და დიდიმამიშვილის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა;
  • სოფლების - გიორგიწმინდა-მუგარეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფელ ანდრიაწმინდის გზის რეაბილიტაცია;
  • სოფლების - წყრუთი-წირას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
  • სოფლების - აწყური-ტყემლანას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
  • ვალის მეორე შახტის გზის რეაბილიტაცია.

Print