პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა კონსერვატორებმაც დატოვეს
„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით.

იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“
, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხებათ ფრაქცია „კონსერვატორების“ სხვა დეპუტატებს, როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიას და ნინო გოგუაძის გარდა, მუხრან ვახტანგაძე, რულან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, თამარ ჯაშმა.

„ქართული ოცნებას“ პარლამენტში 104 დეპუტატი ჰყავდა. გუშინ განვითარებული პროცესების შემდეგ, ამ დროის მონაცემებით, მმართველ გუნდს 9 პირი გამოეყო. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა რაოდენობა ამ ეტაპზე 92-ს შეადგენს.
Print