პოლიტიკა
,,ჭკუათმყოფელი ადამიანი არ უპირისპირდება ხალხს" - ცირა მესხიშვილი
კასრები, შეშა და თბილი ტანსაცმელი - რუსთაველზე ხანგრძლივი პროტესტისთვის ემზადებიან. 

ორგანიზატორების თქმით, ეს არის შემოწირულობა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

გზის გახსნის ან კარვების აღების მცდელობა პოლიციას დღეს არ ჰქონია.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნოდარ რუხაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჩატარებულ არჩევნებს არავინ ენდობა.

,,ჩვენი გეგმა რეალურად არის უცვლელი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აღარ ვესაუბრებით. ჩვენ ვესაუბრებით ქართველ ხალხს და ჩვენს გვაქვს გეგმა, რომელიც გუშინ სამ ძირითად მიზანში გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს აღარ ვენდობით და არც მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასურველი შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ. სამცხე-ჯავახეთიდან აქციის მონაწილეებს 17 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

,,17-ში ვუერთდებით დიდ საპროტესტო აქციას, ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ დაასრულა მმართველობა. ეს არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლებოდა. ახლა უკვე განიხილება ყველა კანონიერი ვარიანტი - თუნდაც რევოლუციური, რადგან ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა უნდა დამთავრდეს ქვეყანაში" - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" ხელმძღვანელი ახალციხეში გელა დემეტრაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეები, 14 ნოემბერს განვითარებულმა მოვლენებმა და სამმა ძირითადმა მოთხოვნამ გააერთიანა.

,,ერთპარტიული პარლამენტი აისახება თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე, ეს უნდა დასრულდეს. უკვე დროა, 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. ეს იყო ჩვენი გადარჩენის ერთი შანსი, რომელიც პარლამენტმა ყველანაირად მოგვისპო. ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაუპირისპირდება ხალხს და წავა დათმობაზე, თუ არჩევნების მოგება სურს. თუ არადა ხელისუფლებამ გაიკეთოს ხარაკირი. რადგან სახალხო პირობა დაიდო, უნდა შესრულდეს. როგორ განვითარდება საპროტესტო აქციები რთული წარმოსადგენია. რევოლუციური სცენარის მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ შეძლო და ერთმანეთის დაპირისპირებული ძალები გააერთიანა" - აცხადებს ცირა მესხიშვილი.


Print