პოლიტიკა
საჩუქარი პუტინს და იმედგაცრუებული ვაშინგტონი - შესაფებები ამერიკიდან
შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, ჩაეგდოთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებული რეფორმა. „გასულ კვირას, როდესაც ქვეყანას ვსტუმრობდი, ნასიამოვნები დავრჩი იმ რეფორმათა პაკეტით, რომელიც გარდაუვალი ჩანდა. მგავსი პირობა მიიღო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება - გამოსწორდება ძალიან მალე“, - განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, ვიდრე მათმა პარლამენტმა ბოლოდროინდელი მოვლენებით აჩვენა.

„საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე მათ პარლამენტმა აჩვენა დღეს. მე მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობა მეტად იყოს დასავლეთის მეკავშირე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რუსული აგრესიული პოლიტიკისგან თავის დასახსნელად“,- აცხადებს კინზინგერი.

ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარი ჯონათან კაცი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება პარლამენტში უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც.

,,ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული ოცნების მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი," - აღნიშნა ჯონათან კაცმა.
Print