პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაზე ბოქლომის დადება სცადეს

 

„დააბოქლომე“ - აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ. პარტია „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციულ შენობასთან მივიდნენ და მაჟორიტარი დეპუტატის - გიორგი კოპაძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება სცადეს, თუმცა მათ შესასვლელში „ქართული ოცნების“ წევრები და საკრებულოს დეპუტატები დახვდნენ.

მმართველი პარტიის წევრებმა ოპოზიციონერები შენობაში არ შეუშვეს და არც ბოქლომის გაკეთების საშუალება მისცეს. ჩამოხსნეს კედელზე მიკრული პლაკატები წარწერით - „დალუქულია“.

„ქართული ოცნების“ წევრებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა გაიხსენეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ტერიტორია დატოვეს. გელა დემეტრაძემ ბოქლომი სიმბოლურად, შენობის გალავანს გაუკეთა, რამაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი, თუმცა პროცესებში არ ჩართულან. პოლიციელებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, როცა შენობასთან სიტუაცია განიმუხტა.

Print