პოლიტიკა
მმართველი ძალისა და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ექვსაათიანი შეხვედრა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. აუდიენცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დახურულ კარს მიღმა, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ხელისუფლების შეხვედრა, სასტუმრო "ბილტმორში" საერთაშორისო საზოგადოების ინიციატივითა და ჩართულობით გაიმართა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აღნიშნავს, რომ მთავარი დიალოგის პროცესის დაწყება და მის გაგრძელებაზე შეთანხმების მიღწევაა, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

"ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, რომ დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განიხილებოდა ბევრი ვარიანტი და არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხები. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. ამაზე მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც შეჯერდა. ჩვენც, საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში,"- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა​. ​მისი თქმით, ​დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება.

„ევროკავშირი დასაწყისშივე საკმოდ დიდ ყურადღებას ამახვილებდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ნდობისა და პოლარიზაციის საკითხებში პოზიციების დასაახლოებლად აუცილებელი იყო სერიოზული დიალოგი. ამ პრობლემებს ჩვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადავაწყდით. ამ ხანგრძლივ დიალოგში მონაწილეობის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ეს არარეალური იქნებოდა. თუმცა, მოვახერხეთ მიგვეღწია, რომ ვიმუშაოთ დიალოგის საშუალებით, შევისწავლოთ შესაძლებლობები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის წყალობით კარი გაიხსნება. დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ სერიოზული პროცესი არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.



Print