პოლიტიკა
ბიუჯეტის მილიონები ერთკაციან პარტიებს
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ბიუჯეტიდან 11 600 865 ლარის დაფინანსება მიიღეს, ეს თანხა 19 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა.

რაც შეეხება მიზნობრივ დაფინანსებას, მან 8 796 884 ლარი შეადგინა.
"ნაციონალური მოძრაობა“-2 998 878 ლარი.
"ევროპული საქართველო”2 492 668.
"ლეიბორისტულმა პარტიამ” 2018 წელს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო საბიუჯეტო და მიზნობრივი დაფინანსებებიდან. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი 789 502 ლარი კი შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა. ანუ, საშუალოდ 79 ათას ლარის დახარჯვა შეუძლია ყოველთვიურად შალვა ნათელაშვილს და აქედან რამდენს დაიტოვებს მის პირად ხელფასად და რამდენს გაანაწილებს ამასაც თავად გადაწყვეტს.

"პატრიოტთა ალიანსი“- ბიუჯეტიდან იგი 1 270 992 ლარს იღებს, ხოლო მიზნობრივი დაფინანსების სახით 337 576 ლარი.

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“-2018 წელს 1 მილიონ 180 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო სახელმწიფოსგან და 863 ათასი ლარი ხელფასის სახითაც გაანაწილა.

პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დღემდე მსუყე სახელმწიფო შემოსავალს იღებს. 2018 წელს მიღებული 1 მილიონი ლარიდან 780 ათასი ხელფასებზე დაიხარჯა, 10 ათასი კი სარეკლამო ხარჯებზე.

ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”–250 ათასი ლარი.

კახა კუკავას “თავისუფალ საქართველო“-500 ათასი ლარი.

ბურჭულაძის პარტია (თავმჯდომარე-ნიკა მაჭუტაძე)-500 ათასი ლარი.


რა პრინციპით იღებენ პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას?

,,ბანკების და ფინანსების" ცნობით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება რამდენიმე საკანონმდებლო აქტით რეგულირდება, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონებით: “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”.

პოლიტიკური პარტიები იღებენ როგორც კერძო დაფინანსებას (შემოწირულობები, საწევრო შენატანები, საჯარო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალი, საბანკო სესხები), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიზანია პოლიტიკური დაფინანსების სფეროში კორუფციის თავიდან აცილება, ასევე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნა. პოლიტიკური პარტიების ფინანსების დიდ ნაწილს ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსება შეადგენს.

2018 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ კვალიფიციური სუბიექტები, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 3% მიიღებდნენ და კვალიფიციური სუბიექტები დაფინანსებას ინარჩუნებდნენ შემდეგ არჩევნებამდე. თუმცა, 2018 წლიდან ეს პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა და ახლა უკვე პარტიას კვალიფიციურის სტატუსი მიენიჭება და, შესაბამისად, მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას, თუ მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრ(ებ)ი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას, მიუხედავად იმისა გადალახავს თუ არა ეს პარტია არჩევნებში 3%-იან ზღვარს.

ყოველწლიური დაფინანსება სპეციალური ფორმულით განისაზღვრება, რომლის თანახმადაც, საბაზო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენს. ამას ემატება პარლამენტში მიღებული მანდატებისა და არჩევნებში მიღებული ხმების შესაბამისად დამატებითი თანხები. თუ პარტიამ ხმების 6% აიღო, მაშინ ის საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას, 600 000 ლარს იღებს ყოველწლიურად.

თუ პარტია საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხმების, მინიმუმ, 5%-ს მიიღებს, მაშინ მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნაზღაურდება საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯი არაუმეტეს მილიონი ლარის ოდენობით. საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის ხარჯებს, ასევე მილიონი ლარით, თუმცა, ამ შემთხვევაში სუბიექტმა 10%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. საკრებულოების არჩევნების შემთხვევაში ბარიერი 3%-ს შეადგენს, ხოლო დაფინანსება არაუმეტეს 500 000 ლარს.

პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს, თუ წარდგენილ საარჩევნო სიაში დაცულია გენდერული ბალანსი (სულ მცირე 30%-ით), მაშინ ის მიიღებს დამატებით დაფინანსებას, საბაზო დაფინანსების 30%-ს, ანუ 90 000 ლარს.

პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ, ასევე, შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი დაფინანსება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან. თანხა გაიცემა კვლევების, კონფერენციების, მივლინებების, ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო განათლების პროექტის ფარგლებში.

პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფოსგან, ასევე იღებენ დამატებით თანხას (მაქსიმუმ 600 000 ლარი) წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის დასაფარად. გარდა პირდაპირი დაფინანსებისა, ეროვნულ მაუწყებლებს აქვთ ვალდებულება, ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წუთი უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა.

11.6 მილიონი საბიუჯეტო და 8.7 მილიონი მიზნობრივი დაფინანსება

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ბიუჯეტიდან 11 600 865 ლარის დაფინანსება მიიღეს, ეს თანხა 19 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა. რაც შეეხება მიზნობრივ დაფინანსებას, მან 8 796 884 ლარი შეადგინა, როგორც აღვნიშნეთ მიზნობრივ დაფინანსებას პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისგან იღებენ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია და, შესაბამისად, მის მიერ დახარჯული თანხებიც, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მეტიც, 2017 წლამდე საბიუჯეტო და მიზნობრივი დაფინანსება აუდიტის სამსახურს, ერთიან გრაფაში – სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებში ჰქონდა გაწერილი.

ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვხვდებით ისეთ პარტიებს, რომელთა არსებობის შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანს თუ სმენია რამე. მაგალითად, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” 87 ათასით ფინანსდება ბიუჯეტიდან, ხოლო მიზნობრივი დაფინანსება დამატებით 409 ათასი ლარი აქვს. სახელმწიფო შემოსავლის გარდა მათ სხვა არანაირი შემოსავალი არ აქვთ და მიღებულ თანხებსაც მხოლოდ ხელფასებზე და მივლინებებზე ხარჯავენ.

იგივე მდგომარეობაა “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის” და სხვა მსგავსი ტიპის პარტიების შემთხვევაში. ბიუჯეტიდან ფინანსდებიან როგორც ძველი “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა” (ჯამში 707 ათასი ლარი), ასევე “ახალი ქრისტიან დემოკრატები” (ჯამში 504 ათასი ლარი), მათ არც “ქრისტიან კონსერვატიული პარტია ჩამორჩება” 897 ათას ლარიანი დაფინანსებით.

რაში ხარჯავენ აღნიშნული პარტიები ამ თანხებს?  - რა თქმა უნდა, ხელფასებში.

ყველაზე მაღალი საბიუჯეტო დაფინანსება “ქართულ ოცნებას” აქვს 2 080 940 ლარი, შემდეგ მოჰყვება “ნაციონალური მოძრაობა” 2 039 349 ლარი, იქვეა “ევროპული საქართველო” 2 036 128 ლარიანი საბიუჯეტო დაფინანსებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიზნობრივი დაფინანსების შემთხვევაში ყველაზე მაღალი შემოსავალი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს 959 ათასი ლარი, “ევროპულ საქართველოს” 456 ათასი, ხოლო “ქართულ ოცნებას” 344 ათასი ლარი.

ანუ, ჯამურად სახელმწიფოს მიერ პარტიებისთვის გადახდილ თანხებს თუ შევხედავთ დავინახავთ, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, სახელმწიფოსგან “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” უფრო მეტ შემოსავალს იღებენ ვიდრე თავად “ოცნება” (საბიუჯეტო შემოსავალს პლუს მიზნობრივი დაფინანსება). “ნაციონალური მოძრაობა” ჯამურად 2 998 878 ლარი, “ევროპული საქართველო”2 492 668, “ქართული ოცნება” 2 425 266.

ყველა პარტიას სათითაოდ აღარ ჩამოვყვებით, მაგრამ მსუყე საბიუჯეტო დაფინანსება აქვს “პატრიოტთა ალიანსსაც”, ბიუჯეტიდან იგი 1 270 992 ლარს იღებს, ხოლო მიზნობრივი დაფინანსების სახით 337 576 ლარი.

ერთკაციანი პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დანიშნული ხელფასები

განსაკუთრებით საინტერესო ვითარებაა იმ პარტიების შემთხვევაში, ვისაც, როგორც წესი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ლიდერი ჰყავს, ასპარეზზე წლებია არსებობს, თუმცა არჩევნებში მაქსიმუმ 3 ან ხშირ შემთხვევაში 1%–იანი მხარდაჭერა თუ მიუღია.

მაგალითად, “ლეიბორისტულმა პარტიამ” 2018 წელს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო საბიუჯეტო და მიზნობრივი დაფინანსებებიდან. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი 789 502 ლარი კი შრომის ანაზღაურებაზე დახარჯა. ანუ, საშუალოდ 79 ათას ლარის დახარჯვა შეუძლია ყოველთვიურად შალვა ნათელაშვილს და აქედან რამდენს დაიტოვებს მის პირად ხელფასად და რამდენს გაანაწილებს ამასაც თავად გადაწყვეტს.

მრეწველობა, რამდენად გადაარჩენს საქართველოს რთული სათქმელია, თუმცა თავის რჩენა რომ არ უჭირთ ესეც ფაქტია. ამ პარტიამ 2018 წელს 1 მილიონ 180 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო სახელმწიფოსგან და 863 ათასი ლარი ხელფასის სახითაც გაანაწილა.

მართალია, პარლამენტში ვერ მოხვედრის შემდგომ ირაკლი ალასანია ქართული პოლიტიკიდან დაგვემშვიდობა, მაგრამ მისი ყოფილი პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დღემდე მსუყე სახელმწიფო შემოსავალს იღებს. 2018 წელს მიღებული 1 მილიონი ლარიდან 780 ათასი ხელფასებზე დაიხარჯა, 10 ათასი კი სარეკლამო ხარჯებზე.

250 ათას ლარზე მეტი შემოსავალი გამოუვიდა სახელმწიფოსგან ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”–ს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კახა კუკავას “თავისუფალ საქართველოს”. მართალია ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის წინააღმდეგ გამოძიება დღესაც მიმდინარეობს და ცნობილი ბანიც პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა მის მიერ დაარსებულ პარტიას, ნიკა მაჭუტაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფოსგან 500 000 ლარიანი დაფინანსება ჯერ კიდევ აქვს, დაახლოებით ამდენივეს იღებს ისეთი პარტია, როგორიცაა – “თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა” და როგორ ფიქრობთ რაში იხარჯება ამ პარტიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავალი? რა თქმა უნდა, შრომის ანაზღაურებაში, ანუ ყოველთვიურად დაახლოებით 40–50 ათას ლარიან გარანტირებულ ხელფასებში.
Print