პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ახალციხეში არქივის მშენებლობა დაათვალიერა (ვიდეო)
ახალციხეში მიმდინარე სარეკონსტრუქციო და საცავის სამშენებლო სამუშაოებს ვიცე-პრემიერი ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

ახალციხის რეგიონული არქივი 1962 წელს აშენდა. სამსართულიანი შენობა 524 მ2 -ია. მის არქივსაცავში ამჟამად ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების 140 ათასამდე საარქივო საქმეა განთავსებული. შენობის რეაბილიტაცია და ახალი საცავის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. მიწის სამუშაოებისას აღმოჩნდა ძველი შენობის ფრაგმენტები. მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მათი რეკომენდაციით, საჭირო იყო XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება. ამის გათვალისწინებით შეიცვალა პროექტი ისე, რომ არ დაზიანებულიყო არქეოლოგიური ფენა. შეცვლილი პროექტით მშენებლობა 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა.

რეკონსტრუქციის შემდგომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივი ახალციხის ერთ-ერთი ტურისტული ადგილიც გახდება. მშენებლობისას აღმოჩენილი XVIII-XIX საუკუნეების ნაგებობის ნაშთები შენარჩუნდა და დამთვალიერებელთათვის ღია იქნება.

არქიტექტურული პროექტის მიხედვით, არსებული შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით შენდება 3-სართულიანი არქივსაცავი, რომელიც შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდება. შენობის საერთო ფართი 1 200 მ2 იქნება, გაიზრდება საცავის ტეროტორიაც, აქ დაცულ დოკუმენტებს დაემატება ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები და საქმეთა რაოდენობა 250 ათასს გადააჭარბებს.
შენობა სრულად აღიჭურვება გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით, ინვენტარითა და ავეჯით. მოქალაქეთათვის მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყობა ეზო და მიმდებარე ტერიტორია.
მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია“ ახორციელებს.
Print