პოლიტიკა
"გაჭირვებულების მუხლიდან თანხა ღონისძიებებში გადაგაქვთ" - ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

 

ხმაურით და პროტესტით დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დარბაზი სხდომის დაწყებისთანავე დატოვეს. ირინა გელაშვილმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„ეს ბავშვი (გარდაცვლილი ლუკა სირაძე) არის ამ რეჟიმის მსხვერპლი, ვინ რა თანადგომა გაუწია? ელემენტარულად, წუთიერი დუმილით არ მიაგეს პატივი. ის არ მოსწონთ, რომ რაღაცას ხვდები და პრეტენზიას გამოთქვამ. აქ არ მოვსულვარ ამათი სხდომის მოსასმენად, მოვედი ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად“, - განუცხადა ირინა გელაშვილმა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს.

საკრებულოს მეთხუთმეტე, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მხოლოდ ერთი საკითხის მხარდასაჭერად - 2019 წლის ბიუჯეტში მეათე ცვლილების შესატანად შეიკრიბნენ.

ცვლილებების მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სუბსიდიის მუხლიდან 10 000 და გამგეობის პროცენტის მუხლიდან 5 600 ლარი კულტურული ღონისძიებების მუხლში გადაიტანეს. ამავე მუხლს დაემატა კიდევ 17 340 ლარი ახალციხის მერიის ბრძანებით.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარების მუხლიდან 1 700 ლარი, აწყურში მეწყერით დაზარალებული ოჯახების თანადაფინანსების მუხლიდან 3 600 ლარი ახალშობილების ერთჯერადი დახმარების მუხლში გადაიტანეს.

 


Print