პოლიტიკა
ბაკურიანში პრობლემა ნალექის ნაკლებობამ გამოიწვია - ილია ბეგიაშვილი
წყლის ნაკლებობა და დამსვენებლების მატება  - ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კლიმატური გამოწვევები და ნალექის ნაკლებობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი.

“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად, მოვრჩით იმ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. ასეთი პრობლემა წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდ აღმაშენებლისა და წაქაძის ქუჩების ნაწილში, სადაც 20-მდე სასტუმროს დღის განმავლობაში 150 ტონის მოცულობის ავზებით აწვდიან წყალს და ამ ავზების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად სრული სურათის მონიტორინგი მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაგირება მყისიერად ხდება.
Print