პოლიტიკა
წყლის მილის გამო დაწყებული დავა თუ პირადი უთანხმოება - გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდნენ
კიურეღიანებსა და ჩაფინიანებს შორის მორიგი დაპირისპირება სასმელი წყლის გამანაწილებელთან დაიწყო. მალე ხმამაღალი საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს და ადგილობრივების დაპირისპირების შედეგად კლინიკაში ორი დაშავებული მეორე დღეს გადაიყვანეს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჩაფინიანებთან მას პირადი უთანხმოება 2013 წლიდან აქვს. ამბობს, რომ ,,სოფლის მოსახლეობასთან წყლის გამო დაწყებული დავა  უკვე მოგვარებულია და პრობლემა აღარ არსებობს".

რაც შეეხება დაზარალებულ მოქალაქეებს, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ,,დისშვილის საავადმყოფოში მისვლა, მეორე დღეს გადახვევისთვის გახდა საჭირო, ადგილზე პირველადი დახმარება  კი სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს. სერიოზული არაფერია".

გორელოვკაში კი ამბობენ, რომ ცენტრალურ მილზე დაერთებული წყლის დიდი ნაწილი კიურეღიანების ფერმაში მიდის და ჩაფინიანებთან  პირადი უთანხმოების გარდა, წყლის პრობლემა სოფელში მოსაგვარებელია.

ჩაფიანები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

შსს–მ მომხდარზე ძიება სსკ–ს 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებული არავინ არის.

ადგილობრივები შექმნილი ვითარების გაპროტესტებას 20 იანვარს აპირებენ. ორშაბათს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ელოდებიან მხარის გუბერნატორსაც.

Print