პოლიტიკა
ახალციხელმა დეპუტატებმა განსხვავებული ხელფასები გააპროტესტეს (ვიდეო)
საჯარო მოხელეთა განსხვავებული ხელფასების გამო ხმაური იყო დღეს ახალციხის საკრებულოში. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატი ნოდარ ტალახაძე დაინტერესდა, თუ რატომ არის განსხვავებული სამსახურის უფროსების ხელფასები. ფრაქცია „ქართული ოცნება–მწვანეების“ თავმჯდომარე თამარ გოგოლაძემ ერთი და იგივე პოზიციაზე განსხვავებული ანაზღაურების მიზეზი იკითხა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა საკითხი ბიუროს სხდომაზეც დასვა, თუმცა ამბობს, რომ მაშინ დანარჩენ წევრებს საკითხი არ გაუპროტესტებიათ.


ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებულ სარგოებს კანონით ხსნიან. ქალაქის მერი განმარტავს, რომ კონკრეტული თანამშრომლის ხელფასი სპეციალური ფორმულით გამოიანგარიშება და პირადი ინტერესები აქ არაფერ შუაშია. საკრებულოს თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ თამარ გოგოლაძის დასმულ საკითხს უმრავლესობა არ ეთანხმება.

დეპუტატებმა საშტატო ნუსხას კენჭი უყარეს და დაამტკიცეს კიდეც. ოპოზიციამ და თამარ გოგოლაძემ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს. დღეს გამართულ სხდომაზე სულ დეპუტატებმა 4 საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიების და საჯარო მოხელეთა ანაზღაურების საკითხები.

Print