პოლიტიკა
აუდიტის სამსახურმა ასპინძის მერიაში ბიუჯეტის ხარჯვისას ხარვეზები გამოავლინა

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასპინძის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტის გადასახდელები შეისწავლა, რამაც ჯამში 16,321.1 ლარი შეადგინა. უწყებამ ანგარიში შვიდ თებერვალს გამოაქვეყნა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის ხარვეზები:

  • მუნიციპალიტეტმა სათანადოდ ვერ დაგეგმა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა. ამასთანავე 2018 წელს ვერ უზრუნველყო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე.

  • მუნიციპალიტეტში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხასიათდება დაზიანებებით. სამუშაოების შესყიდვის პროცესში მერიას არ ჰქონდა დანერგილი ეფექტიანი კონტროლის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი სამუშაოების ჩაბარებას. ასევე არ მომხდარა სათანადო შემდგომი რეაგირება გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

  • მუნიციპალიტეტმა, ელექტრონული ტენდერებით შესყიდვის განხორციელებისას, არ გამოიყენა კანონით განსაზღვრული შესაძლებლობა, დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტებს და ხელშეკრულება გააფორმა მაღალი ფასის წარმომდგენ პრეტენდენტთან, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

  • დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომელზეც ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, მისი ფუნქცია-მოვალეობიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი. ამასთანავე, არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ში საშტატო რიცხოვნობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მათი რაოდენობა არ შეესაბამება რეალურ საჭიროებას.

  • მერიამ, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, თანხები გასცა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე.

  • მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა რომ საწვავის ხარჯვა ხორციელდება არამიზნობრივად, მუნიციპალიტეტის საჭიროებების შეუსაბამოდ.

  • მუნიციპალიტეტში არსებული მართვის სისუსტეების გამო, საბიუჯეტო პროცესი წარიმართა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებით და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.

  • მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საიჯარო ქირის სრული და დროული მობილიზება შესაბამისი წლის ბიუჯეტში და არც ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში გაუტარებია სათანადო ღონისძიებები მოიჯარეების მიმართ. 

შიდა აუდიტის სამსახურს არ აქვს სისტემაზე ორიენტირებული მიდგომა და ვერ განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად და პროდუქტიულად ფუნქციონირებს ცალკეული სისტემა/პროცესი. შესაძლებელია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს გამოვლენის, შესწავლისა და შეფასების გარეშე დარჩეს სისტემური დარღვევა-ნაკლოვანებები. ამდენად, შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებას.

Print