პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილს ციხის კარებთან მეგობრები და მხარდამჭერები დახვდებიან
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ 20 თებერვალს ეწურება.

სამცხე-ჯავახეთიდან შს ყოფილ მინისტრთან შესახვედრად „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიდიან.

ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის დავით ბალიაშვილის თქმით, ახალციხიდან 30 ადამიანი დახვდება ციხიდან გათავისუფლებულ ვანო მერაბიშვილს.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის გელა დემეტრაძის თქმით, შტაბის წევრები დილით ადრე მიდიან, რათა ციხიდან გამოსულ მათ ლიდერს კარებთან დახვდნენ.

„დილით ექვს საათზე გავალთ. ორგანიზებულად არ გავდივართ, ჩვენი მანქანებით, უკვე ყველამ იცის ვინ ვის უნდა გაუაროს. იქ ვიქნებით არა როგორც პარტიის წევრები, არამედ როგორც ვანოს მეგობრები. ათი საათიდან ადგილზე ვიქნებით და დაველოდებით, როდის გამოვა“,- ამბობს გელა დემეტრაძე.

ყოფილ შს მინისტრს პატირმობის ვადა, ხვალ 20 თებერვალს ეწურება. მისი ადვოკატის თქმით, ვანო პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდის, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
Print