პოლიტიკა
მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები - სააკაშვილი
მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები და ეს მართლაც ასეა, ვინც არაფერს აკეთებს, ისიც უშვებს შეცდომებს ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩართვაში აცხადებს, ვანო მერაბიშვილი მისგან განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები, თუმცა, შეუცდომელი არავინ არსებობს. საინტერესო რა იყო ვანოს საუბარში - ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეპუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას",- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შერიგების დროა და არა პარტიებად დაყოფის.

„ერთი რამ, რაც უნდა ითქვას, ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს - ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს - ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Print