პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილმა მშობლები და ახალციხის ციხე მოინახულა
ე.წ. "მატროსოვის" ციხის დატოვების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი მშობლებთან დღეს, 21 თებერვალს ჩამოვიდა. ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი ახალციხეში რამდენიმე საათით დარჩა. 

მერაბიშვილი ჯერ მშობლების სახლში მივიდა, შემდეგ კი „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა. კომპლექსის ტერიტორიაზე მას მეგობრები და ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებმაც "მეცხრე არხთან" აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ გეგმებზე არ უსაუბრიათ. ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და კომპლექსის შესახებ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. 

მერაბიშვილმა "ახალციხის ციხის" ქვედა ნაწილი შვილთან ერთად დაათვალიერა და ისევ თბილისში დაბრუნდა.

ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ 20 თებერვალს გაათავისუფლეს. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.
Print