პოლიტიკა
კორონავირუსის გამო თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა
თურქეთის ხელისუფლებამ, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებაში წერია.

„თურქეთ-ირანის საზღვარი დაიკეტა კორონავირუსთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, დღევანდელი მონაცემებით, ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი.

ირანთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ირანიდან ავიამიმოსვლის შეჩერებას და ირანის მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას მოითხოვს. როგორც სააკაშვილი Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ეს დიდი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე. მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამ ახალი ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ირანში, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია. მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად!“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპრეზიდენტის თქმით, ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების დამატებით შემოწმება აუცილებელია.

„ძალიან გთხოვთ ახლა არ დამიწყოთ, სააკაშვილი „ქსენოფობია“ და ათასგვარი სისულელეები იმიტომ, რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს, თბილისში ჩემი შვილი ცხოვრობს, სკოლის მოსწავლეა, საქართველოში თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ".
Print