პოლიტიკა
მილიონი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო.

აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, 30 იანვრით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ 28 იანვარს დამტკიცდა და დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა დააფინანსონ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყოს ჯანდაცვის სამინისტროს.

ევროკავშირში რისკის დონემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საშუალოდან „მაღალზე“ აიწია. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

„დღეს ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ რისკის დონემ ევროკავშირში საშუალოდან მაღალზე აიწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - განაცხადა ვონ დერ ლეიენმა.
Print