პოლიტიკა
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, შეხვედრა გამართა

 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული უძღვებოდა. ბესიკ ამირანაშვილმა სხვადასხვა უწყების და მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას თვითმმართველობის, ბაღების გაერთიანების პირველი პირები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების დირექტორები, ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დაავალა, რომ სკოლებს, რომლებსაც არ აქვს წყალი, სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საკმარისი რაოდენობის მარაგი უზრუნველყონ. ასევე, საადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილები და ადმინისტრაციული შენობები. რეგიონში გაუქმდა სამ და რვა მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები.

შეხვედრის დიდი ნაწილი დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ჟურნალისტებს მასზე დასწრების საშუალება არ ჰქონდათ. საბჭო საჭიროების მიხედვით, კიდევ შეიკრიბება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტებში სკოლებისა და ბაღების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

ამ ეტაპზე, საზღვრისპირა რეგიონში ერთი საიზოლაციო სივრცეა მოწყობილი. აბასთუმანში კარანტინს 26 პირი გადის.

Print