პოლიტიკა
ახალციხის მერია დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმით იმუშავებს
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალციხის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. თანამშრომლები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ისიც სპეციალური აღჭურვილობით განახორციელებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს.

,,კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური კომუნიკაციის რეჟიმით აგრძელებს მუშაობას.

მერიაში სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით მოსულ მოქალაქეებს შიდა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაეწევათ შესაბამისი მომსახურება და დახმარება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, თანამშრომლები სპეციალური აღჭურვილობით განახორციელებენ სამსახურეობრივ ფუნქციებს. ეს განსაკუთრებით შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ განყოფილებებს, სადაც მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მიმართვიანობაა ამ ეტაპისთვის.

ამასთან, მუდმივად რეჟიმში გრძელდება, როგორც თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ისე, მოქალაქეთა მისაღების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით. მოქალაქეთა მისაღებში პრევენციის მიზნით მოეწყობა დეზობარიერები, ასევე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განთავსდება სპეციალური აღჭურვილობა და დისპანსერები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით"
- ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში მუშაობის რეჟიმი იცვლება. თვითმმართველობებს მოქალაქეებთან დისტანციური ურთიერთობა ექნებათ. თანამშრომლების ნაწილი სახლიდან, ნაწილი კი ადმინისტრაციული შენობებიდან იმუშავებს.


Print