პოლიტიკა
„დეპუტატ მკოიანის დაჯგუფების წევრებმა სასტიკად სცემეს ახალქალაქის მკვიდრი“ - ირმა ინაშვილი

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ბრალს კრიმინალების მფარველობაში სდებს. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც დღეს, რვა მაისს, საღამოს ახალქალაქში მოხდა. რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ დამნაშავეები ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, „ენზელ მკოიანის დაჯგუფების წევრები არიან“.

„ჩვენი ინფორმაციით, ბარიკიანსა და ხრიმიანს ფიზიკურად გაუსწორდა არარატ ჰამბარიანი, რომელიც ენზელ მკოიანის დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია. მასთან ერთად, ფიზიკურ ძალადობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა. არარატ ჰამბარიანი ენზელ მკოიანის კუთვნილი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კურატორია. მივმართავ ხელისუფლებას,- დაიცვას ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის უსაფრთხოება შეირაღებული დაჯგუფებისგან, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბატონი მკოიანი ხელმძღვანელობს. დაანებოს თავი ამ ბანდიტების მფარველობას უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ“, - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ენზელ მკოიანი "მეცხრე არხის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივებს. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, საქმე ორ ოჯახს შორის არსებულ ვალს ეხება.

„ამბობენ, რომ ბარიკიანმა და ხრიმიანმა საქმე გაურჩიეს არარატ ჰამბარიანის მამას, სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ჰამბარიანი წავიდა და სცემა ორივე. საქმე ეხება ფულს, არც ისე დიდი ვალია როგორც ვიცი“.

შსს-ში მომხდარს ადასტურებენ და ამბობენ, რომ ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მართლაც მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

Print